logo
ENG



გახარია: კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე არ ვილაპარაკებ, პრობლემა სისტემურია

31 მაი 202118:28
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფციისა და ნეპოტიზმის, როგორც სისტემური პრობლემის შესახებ, ბიზნესომბუდსმენობის დროიდან იცოდა და მუშაობდა მის მოგვარებაზე.

ყოფილი პრემიერის თქმით, მისი ცნობილი განცხადებიდან მეორე დღესვე მიმართა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებით ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ.

„დაახლოებით 5-6 თვის წინ, როცა მთავრობის ახალი მანდატი მტკიცდებოდა, მაშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი ის, რაც ვთქვი და მეორე დღეს მივმართე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებით, ჩემი წამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს დამტკიცდა, მისი მიზანი იყო ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის ქვეშ გადმოტანა. ჩვენნაირი ქვეყნებს გაცხადებული სტრატეგია უნდა ჰქონდეთ.

მე კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე არ ვილაპარაკებ, რადგან ეს არის სისტემური პრობლემა. უაღრესად მძაფრად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ მძაფრად გამოჩნდა ინსტიტუტების სისუსტე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმითვე, მან თანამდებობაზე ყოფნისას დაიწყო პარტნიორებთან მუშაობა იმაზე, რომ შექმნილიყო ერთიანი  ანტიკორუფციული საგამოძიებო სისტემა. 

„მოსამზადებელი სამუშაოების დონეზე გვქონდა დაწყებული ჩვენს პარტნიორებთან, რომ კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმებია დასახვეწი, შესაქმნელია ერთიანი საგამოძიებო სისტემა. დღეს გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებებში. ეს სისტემური საკითხია. 

იყო რამდენიმე ინიციატივა. პირველი იყო ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, მეორე იყო დეოკუპაციის სტრატეგიის განხორციელება და მესამე ინტეგრაციის საკითხების უნიფიცირება, რაც ნიშნავდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ევროინტეგრაციის იუნითის და ნატოს საინფორმაციო ცენტრის გაერთიანება პრემიერის აპარატის ქვეშ. ეს არაა საკითხები, რომლებიც მე გუშინ დავიწყე", - ამბობს გახარია.

თავისი პარტიის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ხოლო ერთი წლის წინ, 2020 წლის 27 მაისს, როცა პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, გახარიამ კორუფციის არსებობა უარყო. პარლამენტში გახარიას ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის უფლება მიეცათ. 

"რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ". - თქვა გახარიამ. 

რამდენიმე დღის შემდეგ, 2020 წლის 5 ივნისს, გახარიამ მისი ამ განცხადების ახსნისას თქვა, რომ საშვის დაშვებას გულისხმობდა. 


close დახურვა